სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების პროექტი
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. მოქმედების სფერო და მიზანი
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (შემდგომში - ,,უნივერსიტეტი” ან ,,თსუ“) დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებისათვის აუცილებელ მინიმალურ სტანდარტს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა ნორმატიული და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
2. დოქტორანტურის მიზანია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე აკადემიისა და დასაქმების ბაზრისათვის მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო ცოდნითა და პედაგოგიური უნარებით აღჭურვილი კადრების მომზადება, აკადემიური და კვლევითი რესურსების დაახლოება, ქვეყანაში სამეცნიერო და ინოვაციური მუშაობის გააქტიურება და ხარისხის ამაღლება, საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეში ჩართვა, ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბების მიზნით ახალი ცოდნის შექმნისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, განხორციელებული სადისერტაციო ნაშრომის შესაბამისობის უზრუნველყოფა უნივერსიტეტის მისიასა და სტრატეგიული განვითარების გეგმასთან.
თავი II. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურაში სწავლა
მუხლი 2. დოქტორანტურაში სწავლის უფლება
1. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, გარდა იმ პირისა,რომელსაც მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის გავლის საფუძველზე. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს პირს, რომელმაც დაასრულა ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა და რომელიც ამ პროგრამის განხორციელების დროს უფლებამოსილი იყოს სწავლა გაეგრძელებინა ასპირანტურაში.
2. დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს უცხოეთის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. დოქტორანტურაში მიღება ცხადდება შემოდგომის და/ან გაზაფხულის სემესტრებში.
4. ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე პირი შეიძლება ჩაირიცხოს მობილობის წესით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი დოქტორანტი უნდა აკმაყოფილებდეს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობებს.
5. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის მიღების წინაპირობები საჯაროა, მოიცავს ინფორმაციას პროგრამის, მიღების ვადების და წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ, ინფორმაციას ხელმძღვანელების კვლევითი ინტერესების და დოქტორანტების მიერ კვლევის განხორციელებისათვის მხარდამჭერი და წახალისების მექანიზმების და სხვა ასპექტების შესახებ.
6. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობების განსაზღვრის დროს მხედველობაში მიიღება კანდიდატების გამოცდილების და შესაძლებლობების შეფასება, ასევე ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის სტრატეგია.
7. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე დოქტორანტთა მიღება ხდება კომისიური წესით.
8. დოქტორანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს უნივერსიტეტის რექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ დოკუმენტაცია.
9. კვლევითი უნარების შეფასების მიზნით, კანდიდატს მოეთხოვება შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
10. დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა. გერმანული ან ფრანგული ენის ცოდნის დადასტურების შემთხვევაში, დოქტორანტს მოეთხოვება ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება არანაკლებ B1 დონეზე. იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტი სამეცნიერო კვლევის ემპირიულ ბაზად ირჩევს ინგლისურ/გერმანულ/ფრანგულ ენას მოეთხოვება ამ უცხოური ენის C1 დონეზე ცოდნა (დანართი №2).
11. დოქტორანტობის კანდიდატი, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული, წარმოადგენს ქართული ენის ცოდნის B2 დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს, თუ კვლევის ემპირიული ბაზა არის ქართული - ქართული ენის ცოდნის C1 დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ჩააბარებს გამოცდას ქართულ ენაში. ქართულ ენაში გამოცდისგან თავისუფლდება დოქტორანტობის კანდიდატი, თუკი დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ცალკეული კომპონენტი/კომპონენტები ხორციელდება ერთ-ერთ იმ ენაზე, რომელიც წარმოადგენს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობას. ასეთ შემთხვევაში, დოქტორანტს ეკისრება ვალდებულება, დისერტაციის დაცვამდე სულ მცირე ორი სემესტრით ადრე დაადასტუროს ქართული ენის ცოდნა ქართული ენის ცოდნის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი, თუ კვლევის ემპირიული ბაზა არის ქართული - ქართული ენის ცოდნის ენის ცოდნის C1 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატით ან გამოცდით.
12. დოქტორანტობის კანდიდატი, ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული ქართული ენის ცოდნის დადასტურების ვალდებულებისგან თავისუფლდება, იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე კანდიდატის ჩარიცხვა ხდება საერთაშორისო პარტნიორობის/პროექტის ფარგლებში.
13. დოქტორანტობის კანდიდატი დოქტორანტურაში სწავლის უფლების მოსაპოვებლად:
ა) გადის გასაუბრებას შესაბამის პროგრამაზე მიღების წინაპირობის გათვალისწინებით;
ბ) დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიმღებ კომისიას წარუდგენს კვლევის პროექტს.
გ) აბარებს უცხო ენის გამოცდას ან/და ადასტურებს უცხო ენის ცოდნას შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე.
14. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე კანდიდატთა ჩარიცხვის პროცედურების გასაჩივრება შესაძლებელია უნივერსიტეტში დადგენილი წესის შესაბამისად (დანართი N11).
15. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამით შეიძლება დადგენილ იქნეს პროგრამაზე მიღების დამატებითი მოთხოვნები.
მუხლი 3. დოქტორანტურაში მიღება და საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება
1. დოქტორანტობის კანდიდატი, რომელიც აკმაყოფილებს დოქტორანტურის პროგრამაზე მიღების წინაპირობებს, დოქტორანტურაში სწავლის უფლების მოსაპოვებლად გადის გასაუბრებას, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოზე დამტკიცებული დარგობრივი კომისიის წინაშე, შესაბამის პროგრამაზე მიღების წინაპირობის გათვალისწინებით.
2. დოქტორანტობის კანდიდატი დოქტორანტურაში სწავლის უფლების მოსაპოვებლად ახდენს დარგობრივ კომისიასთან კვლევის პროექტის პრეზენტაციას.
3. დარგობრივი კომისია, საგანმანათლებლო პროგრამით დადგენილი წესით, აფასებს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი პირის კვლევის პროექტის შინაარსობრივ მხარესა და მის პრეზენტაციას. საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია ასევე აფასებს შესაბამის სფეროში კანდიდატის წინარე ნაშრომს, პუბლიკაციას ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობას ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილებასა და შესაძლებლობებს, რაც დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულებისათვის არის საჭირო.
4. დოქტორანტობის კანდიდატის კვლევითი უნარების შეფასების სისტემა (შეფასების
მეთოდები და კრიტერიუმები) განისაზღვრება შესაბამისი დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამით. დოქტორანტობის კანდიდატის კვლევითი უნარების შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისათვის (დანართი: დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების კრიტერიუმები).
5. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხება დოქტორანტობის კანდიდატი, რომელიც ფაკულტეტის მიმღები დარგობრივი კომისიის მიერ, მისი კვლევითი უნარების შეფასების დადებითი შედეგების საფუძველზე, მოიპოვებს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლებას.
6. უნივერსიტეტსა და დოქტორანტს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც განისაზღვრება მხარეთა უფლებები და მოვალეობები.
7. დოქტორანტობის კანდიდატის კონკრეტულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ მიმღები კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით პირი კონკრეტულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხება თსუ-ის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით.
მუხლი 4. დოქტორანტურაში სწავლის პირობები
1. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 წელი და მისი სასწავლო კომპონენტი მოიცავს არაუმეტეს 60 კრედიტს.
2. დოქტორანტის ჩარიცხვიდან ექვსი სემესტრის გასვლის შემდეგ მისი მომდევნო სემესტრში რეგისტრაციის წინაპირობა არის სამეცნიერო ხელმძღვანელისა და პროგრამის ხელმძღვანელის შუამდგომლობა ფაკულტეტის წინაშე, რომელშიც უნდა დასაბუთდეს სწავლის/კვლევის გაგრძელების მიზანშეწონილობა. ექვსი სემესტრის გასვლის შემდეგ სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულებით. დოქტორანტი ვალდებულია დაასრულოს დოქტორანტურაში სწავლისა და კვლევის პროცესი, არა უმეტეს 4 სასწავლო სემესტრისა.
3. დოქტორანტები, რომელთაც შესრულებული აქვთ პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნები, სადისერტაციო ნაშრომის დაცვისთვის საჭირო დოკუმენტაციას წარუდგენენ ფაკულტეტს და სადისერტაციო ნაშრომს დაიცავენ უნივერსიტეტში დადგენილი წესით.
მუხლი 5. დოქტორანტის სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა
1. დოქტორანტის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.
თავი III. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა და მისი კომპონენტები
მუხლი 6. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი და პერსონალი
1. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს პროგრამის შემუშავებისა და განვითარებისთვის აუცილებელი ცოდნა და გამოცდილება, ასევე სათანადო კომპეტენცია პროგრამის სწავლის სფეროში, უშუალოდ ჩართული უნდა იყოს პროგრამის განხორციელებაში და წარმოადგენდეს დაწესებულების აფილირებულ აკადემიურ ან სამეცნიერო პერსონალს.
2. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაში ჩართული უნდა იყოს მინიმუმ 5 შესაბამისი სფეროს აფილირებული აკადემიური პერსონალი, მათ შორის - მინიმუმ 3 პროფესორი ან/და ასოცირებული პროფესორი. პროგრამის განხორცილებაში ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამეცნიერო პერსონალის ჩართულობა (არსებობის შემთხვევაში);
4. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაში ჩართული აკადემიური/სამეცნიერო პერსონალის კვალიფიკაცია უნდა დასტურდებოდეს ბოლო 3 წლის განმავლობაში საერთაშორისო ინდექსის მქონე რეფერირებად (peer-reviewed) ჟურნალში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომით, რომელიც ადასტურებს შესაბამის სფეროში მათ კომპეტენტურობას;
5. მიზანშეწონილია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების პროცესში უცხოური უნივერსიტეტის, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის/ცენტრის პერსონალის, ან ემერიტუსის სტატუსის მქონე პირის მონაწილეობა;
მუხლი 7. სამეცნიერო ხელმძღვანელი
1. დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელობა შეუძლია თსუ-ს აკადემიურ (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი)/სამეცნიერო პერსონალს, რომელიც არის უახლესი ცოდნით აღჭურვილი და უდასტურდება:
ა) დოქტორის აკადემიური ხარისხი ან დოქტორთან გათანაბრებული ხარისხი შესაბამის სფეროში;
ბ) აქტიური მონაწილეობა სამეცნიერო კვლევებში ან/და დოქტორანტის სადისერტაციო თემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო დარგში/სპეციალობაში/მიმართულებაში ან/და დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომის ზოგად თემატიკაში/კვლევის სფეროში კვლევის გამოცდილება და შესაბამისი პუბლიკაციები (არანაკლებ 1 სამეცნიერო ნაშრომი) ბოლო 3 წლის განმავლობაში უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ უცხოურ საერთაშორისო ინდექსის მქონე რეფერირებად (peer-reviewed) ჟურნალში;
გ) ხელმძღვანელობის/თანახელმძღვანელობის გამოცდილება, ან გავლილი აქვს შესაბამისი აქტივობა (ტრენინგი, სემინარი, პროფესიული განვითარების კურსი და სხვა);
2. დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, ასევე რამდენიმე ხელმძღვანელის არსებობის შემთხვევაში, ერთ-ერთი ხელმძღვანელი, წარმოადგენს დოქტორის/დოქტორთან გათანაბრებული ხარისხის მქონე თსუ-ის აკადემიურ (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი) ან/და სამეცნიერო პერსონალს. აკადემიური თანამდებობის დაკავების ნაწილში არსებული მოთხოვნა არ ვრცელდება საერთაშორისო ხელმძღვანელზე/თანახელმძღვანელზე;
3. დოქტორანტის სამეცნერო ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან პროფესიული კავშირი (ერთობლივი კვლევები/გრანტები/პროექტები, სამეცნიერო ასოციაციები/კავშირები/ საგანმანათლებლო/სამეცნიერო დაწესებულებები);
4. თანახელმძღვანელის საკვალიფიკაციო მოთხოვნები შეესაბამება დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომის თემატიკას/კვლევის სფეროს;
5. დოქტორანტს, მის სამეცნიერო ხელმძღვანელს/თანახელმძღვანელსა და უნივერსიტეტს შორის ფორმდება ხელშეკრულების/შეთანხმების ფორმა, რომელშიც განსაზღვრულია ყველა მხარის უფლება-მოვალეობები. ხელშეკრულების/შეთანხმების პირობები ხელს უწყობს ხელმძღვანელის/თანახელმძღვანელის მიერ საქმიანობის ეფექტურ განხორციელებას და დოქტორანტის მიერ ნაშრომის დადგენილ ვადაში დასრულებას;
6. დოქტორანტის ხელმძღვანელობა გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისი აკადემიური/სამეცნიერო პერსონალის საერთო საუნივერსიტეტო დატვირთვის სქემაში;
7. სამეცნიერო ხელმძღვანელმა შეიძლება უხელმძღვანელოს აქტიური სტატუსის მქონე არაუმეტეს 3 დოქტორანტს. გამონაკლის შემთხვევაში სამეცნიერო ხელმძღვანელმა შეიძლება უხელმძღვანელოს აქტიური სტატუსის მქონე არაუმეტეს 5 დოქტორანტს. აღნიშნული დასაშვებია მაშინ, როდესაც სტატუსშეჩერებული დოქტორანტი მოითხოვს სტატუსის აღდგენას აკადემიური ხარისხის მისანიჭებლად წარსადგენი დისერტაციის წარდგენის მიზნით. სამეცნიერო გრანტის/პროექტის პირობებიდან გამომდინარე შესაძლებელია დადგინდეს სამეცნიერო ხელმძღვანელისა და აქტიური სტატუსის მქონე დოქტორანტების ამ პუნქტში მოცემული პირობებისგან განსხვავებული თანაფარდობა;
8. სამეცნიერო ხელმძღვანელი შესაბამისი დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელთან/ხელმძღვანელებთან ერთად კონსულტაციას უწევს დოქტორანტს სასწავლო და კვლევითი პროცესის დაგეგმვისას;
9. კვლევით პროცესში ხელმძღვანელს რეგულარული კონსულტაციები აქვს დოქტორანტებთან კვლევის მეთოდოლოგიურ, სტრუქტურულ, კონცეპტუალურ და სხვა საკითხებზე. კონსულტაციების სიხშირე შეესაბამება საკვლევი თემის სპეციფიკას და დოქტორანტის ინდივიდუალურ საჭიროებებს. ხელმძღვანელი კონსულტირებას უწევს დოქტორანტს კვლევით პროცესში შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: კვლევის დიზაინი და პროექტის მენეჯმენტი, კვლევის მეთოდოლოგია, პროფესიული განვითარება, თეზისის/სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომის/დისერტაციის წერის პროცესი, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ქსელში ინტეგრირების პროცესი, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობისა და შედეგების წარდგენის პროცესი, სამეცნიერო სტატიების საერთაშორისო ინდექსის მქონე რეფერირებად (peer-reviewed) ჟურნალში გამოქვეყნება და სხვა;
10. სამეცნიერო ხელმძღვანელი კონტროლს უწევს დოქტორანტის სასწავლო და კვლევითი კომპონენტების შესრულებას, რაც გულისხმობს სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის თანმიმდევრულად შესრულების პროგრესის პერიოდულ დაკვირვებას, დოქტორანტისთვის განმავითარებელი შეფასებისა და უკუკავშირის მიცემას;
11. თანახელმძღვანელი მხარდაჭერას უწევს დოქტორანტს სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის განხორციელების პროცესში ხელმძღვანელთან და დოქტორანტთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე;
12. სამეცნიერო ხელმძღვანელი ხელმძღვანელობაზე უარის თქმის შემთხვევაში სწავლის ნებისმიერ ეტაპზე დასაბუთებულ განცხადებას წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს;
13. ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით დოქტორანტს შეიძლება ჰყავდეს ერთზე მეტი სამეცნიერო ხელმძღვანელი;
14. დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელსა და სადისერტაციო თემის სათაურს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო დოქტორანტის ჩარიცხვიდან პირველი ორი სემესტრის განმავლობაში. სადისერტაციო თემის სათაურში ცვლილების შეტანის საკითხს განიხილავს ფაკულტეტის საბჭო;
15. ფაკულტეტის საბჭო იღებს გადაწვეტილებას რეცენზენტების გამოყოფის და სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის შერჩევის შესახებ.
მუხლი 8. დოქტორანტურის სასწავლო და კვლევითი კომპონენტები
1. დოქტორანტურის სასწავლო და კვლევითი კომპონენტები ხელს უწყობს დოქტორანტის დარგობრივ და მეთოდოლოგიურ დახელოვნებას, ამზადებს მას მომავალი პედაგოგიური, სამეცნიერო და პროფესიული საქმიანობისათვის (დანართი №3).
2. შესრულებული სასწავლო და კვლევითი კომპონენტები წარმოადგენს დისერტაციის დასაცავად წარდგენის წინაპირობას.
3. დოქტორანტურის პროგრამის სასწავლო კომპონენტი გულისხმობს დარგობრივ სემინარს/სემინარებს, პროფესორის ასისტენტობას, კვლევის მეთოდოლოგიას და სხვა სასწავლო აქტივობებს.
სასწავლო კომპონენტი გულისხმობს შემდეგ აქტივობებს:
ა)მინიმუმ ერთი დარგობრივი სემინარი (10 კრედიტი, სავალდებულო);
ბ)პროფესორის ასისტენტობა (არანაკლებ 5 კრედიტი, სავალდებულო);
გ)კვლევის მეთოდოლოგია (არანაკლებ 5 კრედიტი, სავალდებულო);
დ)სხვა სასწავლო აქტივობები (სასწავლო კურსები/მოდულები, პრაქტიკა და სხვ.) განისაზღვრება დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამით.
4. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტი ტრანსფერული უნარების განვითარების გზით ან/და სფეროს აქტუალურ საკითხებზე/ტენდენციებზე
დოქტორანტის მიერ ცოდნის გაღრმავებით ხელს უწყობს დოქტორანტის სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის სათანადო ხარისხით განხორციელებას. ასევე, იძლევა მეთოდოლოგიურ მითითებებს კვლევითი კომპონენტის სათანადო დაგეგმვისა და განხორციელებისათვის.
5. თუ დოქტორანტი ამავდროულად არის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტი/მასწავლებელი ან მოწვეული პერსონალი, უძღვება სალექციო/პრაქტიკულ/სემინარულ/ლაბორატორიულ მეცადინეობებს, შესრულებული სამუშაო შესაძლებელია ჩაეთვალოს პროფესორის ასისტენტობაში ამ სტანდარტით პროფესორის ასისტენტობისთვის განსაზღვრული სავალდებულო კრედიტების მინიმალური რაოდენობით (5 ECTS კრედიტი) იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სამუშაო შესრულდა ანაზღაურების გარეშე.
6. სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტი არის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი ნაწილი, რომელიც წარმოდგენილია დისერტაციის, ასევე სხვა სამეცნიერო პროექტის/ნაშრომის/აქტივობის სახით.
კვლევითი კომპონენტი მოიცავს სადისერტაციო ნაშრომთან დაკავშირებულ ორ სამეცნიერო-კვლევით პროექტს, რომელიც სადისერტაციო ნაშრომის დაცვის წინაპირობას წარმოადგენს. დოქტორანტი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ბეჭდურ და ელექტრონულ ვერსიებს სამეცნიერო ხელმძღვანელის დასკვნის საფუძველზე წარუდგენს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურს.
7. სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ზეპირი განხილვა/პრეზენტაცია ტარდება პროგრამის ხელმძღვანელის, დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელის და ფაკულტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ჩართულობით.
8. დოქტორანტის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება ხორციელდება ყოველი სემესტრის დასაწყისში დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
9.დოქტორანტის სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის შესრულების მიზნით, დოქტორანტისთვის იქმნება ინდივიდუალური კვლევის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს - კვლევის მიზანს, სადოქტორო ნაშრომის სტრუქტურის და კვლევის განხორციელების სავარაუდო განრიგს/გრაფიკს, კვლევის მეთოდოლოგიას და სხვა. კვლევის გეგმა მხარს უჭერს დოქტორანტის საკვლევი თემის შესაბამისად საქმიანობის წარმართვას და სადოქტორო ნაშრომის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში დასრულებას.
10.დოქტორანტი სამეცნიერო ხელმძღვანელთან ერთად, შესაბამისი დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელთან/ხელმძღვანელებთან შეთანხმებით თვითონ ადგენს ინდივიდუალურ კვლევის გეგმას. ეს უკანასკნელი დამოკიდებულია დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომის, შესაბამისი დარგისა და დოქტორანტურის პროგრამის სპეციფიკაზე, ფაკულტეტის აკადემიურ პოტენციალსა და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე.
თავი IV. სადისერტაციო ნაშრომის წარდგენა, დაცვა და აკადემიური ხარისხის მინიჭება
მუხლი 9. დისერტაცია
1. დისერტაცია წარმოადგენს სამეცნიერო ნაშრომს, რომელსაც დოქტორანტი იცავს დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
2. დისერტაციის შედეგებს ადგილობრივ ან/და საერთაშორისო დონეზე აქვს სამეცნიერო-კვლევითი მნიშვნელობა, არის ინოვაციური და პრაქტიკული/თეორიული ღირებულების მქონე.
3. დისერტაცია უნდა ასახავდეს კვლევის დასაბუთებულ შედეგებს და ქმნიდეს ახალ ცოდნას.
4. დისერტაცია შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო სადისერტაციო ნაშრომის შემოკლებული ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ, ინგლისურ და პროგრამის განხორციელების ენებზე. სადისერტაციო ნაშრომის შემოკლებული ვერსია საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომია.
5. სხვა ენაზე დისერტაციის შესრულების საკითხს წყვეტს ფაკულტეტის საბჭო.
6. ნაშრომის უცხო ენაზე შესრულების შემთხვევაში სადისერტაციო ნაშრომის შემოკლებული ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ და ინგლისურ ენაზე.
7. სადისერტაციო ნაშრომის ტექნიკური მონაცემების ინსტრუქციას შეიმუშავებს ფაკულტეტი, რომელსაც ფაკულტეტის დეკანის წარდგინების საფუძველზე ამტკიცებს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო (დანართი № 5).
მუხლი 10. სადისერტაციო ნაშრომის შემოკლებული ვერსია
1. სადისერტაციო ნაშრომის შემოკლებული ვერსია უნდა ასახავდეს დისერტაციის ყველა კომპონენტს. სადისერტაციო ნაშრომის შემოკლებული ვერსია შედგენილი უნდა იყოს ისე, რომ დაინტერესებულმა პირმა შეძლოს სადისერტაციო ნაშრომის ძირითადი შედეგების გაცნობა.
2. სადისერტაციო ნაშრომის შემოკლებული ვერსია უნდა შეიცავდეს სატიტულო ფურცელს. მასში ასახული უნდა იყოს: თემის აქტუალურობა, კვლევის მიზანი, კვლევის ობიექტი და მეთოდები, ნაშრომის ძირითადი შედეგები და მეცნიერული სიახლე, აგრეთვე ინფორმაცია დისერტაციის მოცულობისა და სტრუქტურის შესახებ. სადისერტაციო ნაშრომის შემოკლებულ ვერსიაში გადმოცემული უნდა იყოს კვლევის ძირითადი შედეგები თავების მიხედვით და ზოგადი დასკვნები.
3.სადისერტაციო ნაშრომის შემოკლებული ვერსიაში აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი ავტორის მიერ გამოქვეყნებული მხოლოდ იმ ნაშრომების ნუსხა, რომელთა შინაარსი შეესაბამება სადისერტაციო ნაშრომის თემატიკას და შედის სადისერტაციო ნაშრომში.
4. სადისერტაციო ნაშრომის შემოკლებული ვერსია აგრეთვე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ნაშრომის აპრობაციის შესახებ (როგორიცაა მოხსენებები კოლოკვიუმებზე, კონფერენციებზე, ფორუმებზე, სიმპოზიუმებზე, სემინარებზე).
5. სადისერტაციო ნაშრომის შემოკლებული ვერსია უნდა ასახავდეს დისერტაციის ყველა კომპონენტს.
6. სადისერტაციო ნაშრომის შემოკლებული ვერსია უნდა ასახავდეს დისერტაციის ყველა კომპონენტს. ნაშრომის ზღვრული მოცულობა - 40 გვ. ნაშრომს თან უნდა ერთვოდეს გამოქვეყნებული ლიტერატურის ჩამონათვალი; Sylfaen-ის შრიფტი. ველები: მარჯვენა ველი - 1,5 სმ., მარცხენა ველი - 3 სმ., ზედა ველი - 2 სმ., ქვედა ველი - 2 სმ. ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა - 11; ტექსტის სტრიქონებს შორის მანძილი - 1.15.
მუხლი 11. სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის პროცედურა
1. დოქტორანტი სადისერტაციო ნაშრომის პლაგიატზე შემოწმების მიზნით ფაკულტეტის მიერ ელექტრონულ პროგრამაში (მაგ.: e-Learning) საგანგებოდ გახსნილ ველში ტვირთავს სადისერტაციო ნაშრომის ელექტრონულ ვერსიას. პლაგიატის შემოწმების ანგარიში გადაეგზავნება დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელის, რომელიც აფასებს ნაშრომს და პლაგიატის არსებობაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში აცნობებს ფაკულტეტის ადმინისტრაციას. საჭიროების შემთხვევაში ფაკულტეტის ადმინისტრაცია ქმნის აკადემიური კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო კომისიას და ნიშნავს პლაგიატის საკითხის განხილვის თარიღს.
2. აკადემიური კეთილსინდისიერების საგანგებო კომისია შედგება ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის არანაკლებ 3 და არაუმეტეს 9 წევრისგან.
3. დოქტორანტი ფაკულტეტის საბჭოს წარუდგენს სადისერტაციო ნაშრომის 4 ბეჭდურ და 1 ელექტრონულ ვერსიას.
3. სადისერტაციო ნაშრომთან ერთად დოქტორანტმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განაცხადი, რომ სადისერტაციო ნაშრომი დოქტორანტის დამოუკიდებელი კვლევის შედეგია და არ შეიცავს პლაგიატს/გაყალბებულ მონაცემებს (დანართი №6);
ბ) დოქტორანტის მიერ შესრულებული სამუშაოს შემაჯამებელი ანგარიში (დანართი №7);
გ)ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულებით განსაზღვრული მოთხოვნებით შესრულებული დისერტაციის კვლევის შედეგები - დისერტაციის ძირითადი დებულებების ამსახველი მოკლე ვერსია - ქართულ და ერთ-ერთ ევროპულ ენაზე (ინგლისური, გერმანული, ფრანგული).
დ) სამეცნიერო ხელმძღვანელის/ხელმძღვანელების დასკვნა სადისერტაციო ნაშრომის საჯარო განხილვაზე დაშვების თაობაზე (დანართი №8);
ე) ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულებით განსაზღვრული სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნებისათვის წაყენებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე;
ვ) ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობა სასწავლო კომპონენტის შესრულების, დაგროვილი კრედიტებისა და სემესტრების სრულად გავლის თაობაზე;
ზ) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ამონაბეჭდი და/ან რედაქტორის (რედკოლეგიის) მიერ გაცემული ცნობა გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო ნაშრომის შესახებ და ნაშრომის ბეჭდური ვერსია;
თ) სადისერტაციო ნაშრომის შეფასების პროცესის ინტერნაციონალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (2018-2019 სასწავლო წლამდე ჩარიცხული დოქტორანტებისათვის, მაგ. საერთაშორისო რეცენზირების შემთხვევაში იხ. დანართი №4);
ი) ამონაწერი შესაბამისი კათედრის სხდომის ოქმიდან დისერტაციის წინასწარი განხილვის (აპრობაციის) შესახებ;
4. სადისერტაციო მასალების წარდგენის შემდგომ ფაკულტეტის საბჭო ერთი თვის ვადაში მსვლელობას აძლევს საქმის წარმოებას.
5. დოქტორანტი თავისუფლდება სწავლის საფასურის გადახდისგან თუ დისერტაციას წარმოადგენს სემესტრის ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში.
თუ დოქტორანტი დისერტაციას წარმოადგენს სემესტრის საგამოცდო პერიოდის ვადებში, ის თავისუფლდება მომდევნო სემესტრის სწავლის საფასურის გადახდისგან.
მუხლი 12. საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციის გამოქვეყნების ვალდებულება
1. დისერტაციის დაცვის აუცილებელი პირობაა სადისერტაციო თემასთან დაკავშირებული შემდეგი სახის ორი სამეცნიერო პუბლიკაციის გამოქვეყნება - რეფერირებადი (Peer-reviewed) სამეცნიერო სტატიები ისეთ მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალებში (ან საკონფერენციო მასალებში), რომლებსაც აქვთ ISSN კოდი და ჰყავთ საერთაშორისო სარედაქციო საბჭო (ან სამეცნიერო კომიტეტი) და რომლებიც ვრცელდება საერთაშორისო მასშტაბით და არის ღია საერთაშორისო თანამშრომლობისთვის. ამავდროულად, ამ ორი პუბლიკაციიდან ერთი მაინც უნდა იყოს ისეთ საერთაშორისო ჟურნალში (ან საკონფერენციო მასალებში), რომელიც ინდექსირებულია Scopus-ის ან Web of Science-ის ბაზებში.
2. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური დოქტორანტს საორიენტაციოდ აწვდის ინფორმაციას საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციის გამოქვეყნებისათვის სფეროს სპეციფიკის შესაბამის საერთაშორისო ინდექსის მქონე სამეცნიერო გამოცემების/ბაზების შესახებ.
3. დისერტაციის დაცვის აუცილებელი პირობაა სადისერტაციო თემასთან დაკავშირებული ორი სამეცნიერო პუბლიკაციის გამოქვეყნება. ორივე სამეცნიერო პუბლიკაცია უნდა იყოს დოქტორანტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევის შედეგი (თანაავტორების გარეშე).
მუხლი 13. სადისერტაციო ნაშრომის რეცენზენტები
1. ფაკულტეტი გამოყოფს არანაკლებ ორ რეცენზენტს, მათ შორის, ადგილობრივ და საერთაშორისო რეცენზენტს (საერთაშორისო რეცენზენტის დასკვნა სავალდებულო არ არის თუკი დოქტორანტს ჰყავს საერთაშორისო ხელმძღვანელი), რომელთაც ეგზავნებათ სადისერტაციო ნაშრომი. ერთ-ერთი რეცენზენტის მიერ უარყოფითი დასკვნის წარდგენის შემთხვევაში ინიშნება ახალი რეცენზენტი. რეცენზენტთა შემადგენლობა მტკიცდება ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით.
2. ანონიმურობის დაცვის მიზნით, რეცენზენტების დამტკიცების საკითხი ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე განიხილება დახურულ ფორმატში და ამ საკითხთან დაკავშირებული გადაწყვეტილება არ ქვეყნდება საჯაროდ. გარდა სხვა მარეგულირებელი აქტებით დადგენილი საფუძვლებისა, განხილვაში მონაწილეობის აცილების საფუძველს წარმოადგენს დოქტორანტის სამეცნიერო ნაშრომის ხელმძღვანელობა.
3. რეცენზენტს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი, დოქტორანტის სადისერტაციო თემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო დარგში/სპეციალობაში/მიმართულებაში კვლევის გამოცდილება და შესაბამისი პუბლიკაციები.
4. ადგილობრივი რეცენზენტი არის ადგილობრივი უნივერსიტეტის, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის/ცენტრის პერსონალი, ან ემერიტუსის სტატუსის მქონე პირი, რომელიც აღჭურვილია დარგის უახლესი ცოდნით, აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო კვლევებში და ბოლო 3 წლის განმავლობაში უცხოურ საერთაშორისო ინდექსის მქონე რეფერირებად (peer-reviewed) ჟურნალში გამოქვეყნებული აქვს არანაკლებ 1 სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც შეესაბამება დოქტორანტის სადოქტორო ნაშრომის ზოგად თემატიკას/კვლევის სფეროს;
5. საერთაშორისო რეცენზენტი არის უცხოური უნივერსიტეტის, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის/ცენტრის პერსონალი, ან ემერიტუსის სტატუსის მქონე პირი, რომელიც აღჭურვილია დარგის უახლესი ცოდნით, აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო კვლევებში და ბოლო 3 წლის განმავლობაში უცხოურ საერთაშორისო ინდექსის მქონე რეფერირებად (peer-reviewed) ჟურნალში გამოქვეყნებული აქვს არანაკლებ 1 სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც შეესაბამება დოქტორანტის სადოქტორო ნაშრომის ზოგად თემატიკას/კვლევის სფეროს;
6. რეცენზენტების შერჩევისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი ანონიმურობა , რაც ხელს უწყობს მიუკერძოებელი, სამართლიანი და ობიექტური დასკვნის მომზადებას;
7. რეცენზენტი ვალდებულია, შესაბამისი ფაკულტეტის მიერ დისერტაციის გადაცემიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის ვადაში გაეცნოს სადისერტაციო ნაშრომს და წარუდგინოს რეცენზია ფაკულტეტს.
8. რეცენზენტი დასკვნას (რეცენზიას) წარადგენს დადგენილი რეცენზიის ფორმის შესაბამისად (დანართი №9).
9. ორი რეცენზენტის მიერ სადისერტაციო ნაშრომის უარყოფითად შეფასების შემთხვევაში, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით დოქტორანტი არ დაიშვება დაცვაზე და მას მიეცემა სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობის უფლება ერთი სასწავლო წლის განმავლობაში.
10. რეცენზენტის მოძიების, დანიშვნისა და მისი საქმიანობის მექანიზმები განისაზღვრება ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულებით.
თავი V. სადისერტაციო ნაშრომის დაცვისა და შეფასების პროცედურები
მუხლი 14. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის ფორმირების წესი
1. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 7 წევრისგან. დაცვის კომისიის შემადგენლობაში შედიან შესაბამისი სფეროს დოქტორის კადემიური ხარისხის მქონე აკადემიური სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენლები, რომელთა კვალიფიკაცია და კომპეტენცია იძლევა ნაშრომის სიღრმისეულად და სრულყოფილად შეფასების და კვლევის ორიგინალობისა და მისი შედეგების შეფასების შესაძლებლობას.
2. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის შემადგენლობაში არანაკლებ 1 წევრი უნდა იყოს შესაბამისი სფეროს აკადემიური/სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენელი საქართველოდან, რომელსაც უნივერსიტეტში არ უკავია აკადემიური/სამეცნიერო თანამდებობა. სფეროს თავისებურების გათვალისწინებით, დაცვის კომისიის შემადგენლობაში საჭიროების შემთხვევაში შედიან - შესაბამისი კვალიფიკაციისა და კომპეტენციის საერთაშორისო შემფასებელი/შემფასებლები, სამთავრობო/არასამთავრობო სექტორის, შრომის ბაზრის წარმომადგენელ(ებ)ი.
3. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის წევრს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პუბლიკაციები დოქტორანტის სადისერტაციო თემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო სფეროში.
4. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის წევრს და დოქტორანტს ან დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელს შორის არ შეიძლება არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი. ამასთან, ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა საქართველოს კანონი - ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-8 მუხლის მე-2 ნაწილითა და 92-ე მუხლით დადგენილი გარემოების არსებობა.
5. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის მუშაობაში არ მონაწილეობს დოქტორანტის ხელმძღვანელი (არსებობის შემთხვევაში თანახელმძღვანელი).
6. სადისერტაციო ნაშრომის შეფასება ხდება კომისიური წესით სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის მიერ. თითოეული სადისერტაციო ნაშრომის შეფასებისა და დაცვის მიზნით, ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო ამტკიცებს დაცვის კომისიას, წარდგინების მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 15. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის უფლებამოსილება
ა) ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და მდივანს;
ბ) შეარჩევს დაცვის თარიღს და წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს;
გ) უზრუნველყოფს სადისერტაციო ნაშრომის დაცვის პროცედურის ჩატარებას;
დ) მოქმედი კანონმდებლობითა და საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს დებულებით გათვალისწინებული წესით აფასებს სადისერტაციო ნაშრომს;
ე) უზრუნველყოფს სადისერტაციო ნაშრომის დაცვის პროცედურის ხელახლა ჩატარებას სადისერტაციო ნაშრომის დაცვის სააპელაციო კომისიის მიერ პროცედურული დარღვევების გამოვლენის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამისი მითითებით;
ვ) დაცვის კომისიის წევრები, დისერტაციის დადებითად რეცენზირების შემთხვევაში, არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში ეცნობიან ფაკულტეტის მიერ გადაცემულ სადისერტაციო ნაშრომს.
მუხლი 16. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის მუშაობის წესი
1. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის საქმიანობა წარიმართება წინამდებარე დებულების შესაბამისად.
2. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. სხდომა უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს, თუ მას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი.
3. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის სხდომის მიმდინარეობა აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.
4. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის მდივანი უზრუნველყოფს შესაბამისი კომისიის ორგანიზაციულ საქმიანობას:
ა) აწარმოებს სადისერტაციო ნაშრომის დაცვის ოქმს;
ბ) ეხმარება კომისიის თავმჯდომარეს ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში;
გ) ხელმძღვანელობს კომისიის საქმისწარმოებას;
დ) უზრუნველყოფს დაცვის კომისიის მიერ წარმოებული დოკუმენტაციის მიწოდებას ფაკულტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.
მუხლი 17. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის რეგლამენტი
1. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის სხდომაზე სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის თავმჯდომარე აცხადებს დისერტანტის ვინაობას და დისერტაციის თემას, რეცენზენტების ვინაობას და კომისიას აცნობს დოქტორანტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს, დისერტაციის დაცვის პროცედურას და დოქტორანტის მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებს.
2. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის სხდომას უნდა ესწრებოდეს დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, ასევე რეცენზენტები.
3. იმ შემთხვევაში, თუ სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრება ერთ-ერთი რეცენზენტი, რეცენზია მთლიანად უნდა იქნეს წაკითხული დაცვის მსვლელობისას.
4. იმ შემთხვევაში, თუ სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრება დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, მან კომისიას უნდა გაუგზავნოს მოხსენებითი ბარათი დოქტორანტის აკადემიური დახასიათებით.
5. იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტი დოკუმენტურად დასაბუთებული საპატიო მიზეზით ვერ გავიდა სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის სხდომაზე, ან სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის ქვორუმი არ შედგა, ან დაცვა არ შედგა დოქტორანტისაგან დამოუკიდებელი სხვა მიზეზების გამო, სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის მიერ განისაზღვრება დაცვის ახალი თარიღი და დასამტკიცებლად წარედგინება ფაკულტეტის საბჭოს. დამატებითი სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის სხდომა გონივრულ ვადაში.
6. დაცვის პროცესი ითვალისწინებს დოქტორანტის მიერ ნაშრომის პრეზენტაციას, სამეცნიერო დისკუსიას და სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის დასკვნას (შეფასებას).
7. დოქტორანტის მიერ ნაშრომის პრეზენტაცია გულისხმობს დოქტორანტის მოხსენებას – თემის წარმოდგენას.
8. ნაშრომის პრეზენტაციისას დისერტანტმა უნდა გამოიყენოს თვალსაჩინო მასალა - მაგალითად: სლაიდები, პლაკატები, ვიდეო-კინო გასაშვები ტექნიკა და ა.შ.
9. ნაშრომის პრეზენტაციის შემდეგ კომისიის თავმჯდომარე კომისიას გააცნობს რეცენზენტთა რეცენზიებს. იწყება რეცენზენტების პაექრობა დოქტორანტთან, რის შემდეგაც სიტყვა ეძლევა დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელს (თანახელმძღვანელებს).
10. იმართება სამეცნიერო დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ როგორც კომისიის წევრებს, ისე დამსწრე საზოგადოების წარმომადგენლებს. დოქტორანტი უპასუხებს დამწრეთა მიერ დასმულ შეკითხვებს.
11. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისია სადისერტაციო ნაშრომის შესაფასებლად გადაწყვეტილებას იღებს კონფიდენციალურად დახურულ სხდომაზე.
მუხლი 18. დისერტაციის დაცვა
1. დისერტაციის დაცვა არის საჯარო და ღია. ინფორმაცია მის შესახებ ქვეყნდება ფაკულტეტის ვებ-გვერდზე დისერტაციის დაცვამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე.
2. დისერტაციის დაცვის ენა არის ქართული, თუ ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. სადისერტაციო ნაშრომის შეფასებისა ან/და დაცვის პროცედურები ითვალისწინებს სადისერტაციო ნაშრომზე შესაბამისი კომპეტენციის მქონე დაწესებულების (ადგილობრივი ან/და უცხოური უნივერსიტეტი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი), ადგილობრივი და საერთაშორისო რეცენზენტის დასკვნებს.
4. დისერტაციის დაცვის პროცესზის ვიდეოგადაღება სავალდებულოა, რომელსაც ფაკულტეტი უზრუნველყოფს.
5. დაცვის რეგლამენტი განისაზღვრება საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს დებულებით.
6. იმ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, რომელთა დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ენიჭებათ უნივერსიტეტის და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორის აკადემიური ხარისხი, შესაძლებელია არსებობდეს დისერტაციის დაცვის განსხვავებული რეგლამენტი, რომელსაც შეიმუშავებენ მხარეები და ამტკიცებს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო.
7. დისერტაციის დაცვის პროცედურების გასაჩივრება ხდება უნივერსიტეტში დადგენილი წესის შესაბამისად (დანართი N12).
მუხლი 19. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის სააპელაციო კომისია
1. დისერტაციის დაცვის პროცედურების გასაჩივრების მიზნით საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს მიერ დამტკიცებული სააპელაციო კომისია შედგება შესაბამისი ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ან/და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენლებისგან.
2. სააპელაციო კომისიის შემადგენლობა შეირჩევა ფაკულტეტის საბჭოს მიერ.
3. სააპელაციო კომისიის წევრს და დოქტორანტს/დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელს შორის არ შეიძლება არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი. ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა საქართველოს კანონი - ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-8 მუხლის მე-2 ნაწილითა და 92-ე მუხლით დადგენილი გარემოების არსებობა.
4. სააპელაციო კომისია თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს და მდივანს ირჩევს თავისი შემადგენლობიდან.
5. სააპელაციო კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 5 წევრისგან.
6. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე. მისი არყოფნის შემთხვევაში – მოადგილე. კომისიის მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს კომისიის თავმჯდომარის დავალებით ასრულებს კომისიის ერთ-ერთი წევრი.
7. სააპელაციო კომისიის სხდომის მიმდინარეობა აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.
მუხლი 20. დისერტაციის შეფასება
1. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის წევრების მიერ დისერტაციის შეფასება ხდება კონფიდენციალურად, ასქულიანი სისტემით.
2. დისერტაციის საბოლოო შეფასებისათვის სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიას გამოყავს ქულათა საშუალო არითმეტიკული, რომელსაც შეუფარდებს შეფასებას შემდეგი სისტემის მიხედვით:
ა) ფრიადი (summa cum laude) – შესანიშნავი ნაშრომი - შეფასების 91-100 ქულა.
ბ) ძალიან კარგი (magna cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აღემატება - მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა.
გ) კარგი (cum laude) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს აღემატება - მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა.
დ) საშუალო (bene) – საშუალო დონის ნაშრომი, რომელიც წაყენებულ ძირითად მოთხოვნებს აკმაყოფილებს - მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა.
ე) დამაკმაყოფილებელი (rite) – შედეგი, რომელიც, ხარვეზების მიუხედავად, წაყენებულ მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებს - მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.
ვ) არადამაკმაყოფილებელი (insufficient) – არადამაკმაყოფილებელი დონის ნაშრომი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს - მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა.
ზ) სრულიად არადამაკმაყოფილებელი (sub omni canone) – შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს სრულიად ვერ აკმაყოფილებს - მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები.
3. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება დოქტორის აკადემიური ხარისხი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტს უფლება ეძლევა ერთი წლის განმავლობაში წარადგინოს გადამუშავებული სადისერტაციო ნაშრომი.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მიღების შემთხვევაში დოქტორანტი კარგავს იგივე სადისერტაციო ნაშრომის წარდგენის უფლებას.
6. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის თავმჯდომარე დოქტორანტს კომისიის დასკვნას (შეფასებას) აცნობს ზეპირად.
მუხლი 21. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის დოკუმენტაცია
1. სადისერტაციო ნაშრომის დაცვის დოკუმენტაცია საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს გადაეცემა შეფასებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში და ასევე განთავსდება შესაბამის ელექტრონულ სივრცეში, PDF ფორმატის სახით. ამასთან, სადისერტაციო ნაშრომის დაცვის დოკუმენტაციას განეკუთვნება:
ა) სადისერტაციო ნაშრომის ერთი ეგზემპლარი;
ბ) დისერტაციის ძირითადი დებულებების ამსახველი მოკლე ვერსია;
გ) დოქტორანტის განაცხადი;
დ) დოქტორანტის მიერ შესრულებული სამუშაოს შემაჯამებელი ანგარიში;
ე) სამეცნიერო ხელმძღვანელის დასკვნა;
ვ)ცნობა სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნებისათვის წაყენებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე;
ზ) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ამონაბეჭდი და/ან რედაქტორის (რედკოლეგიის) მიერ გაცემული ცნობა გამოსაქვეყნებლად მიღებული სტატიის შესახებ და ნაშრომის ბეჭდური ვერსია;
თ)სადისერტაციო ნაშრომის შეფასების პროცესის ინტერნაციონალიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (2018-2019 სასწავლო წლამდე ჩარიცხული დოქტორანტებისათვის);
ი) რეცენზენტების დასკვნები (რეცენზიები);
კ) სადისერტაციო ნაშრომის დაცვის ოქმი.
მუხლი 22. ხარისხის მინიჭება და სადისერტაციო ნაშრომის გამოქვეყნების ვალდებულება
1. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და დისერტაციის დაცვის შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება დოქტორის აკადემიური ხარისხი, რომლის დასახელება უნდა განისაზღვროს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის შესაბამისად.
2. დოქტორანტს დოქტორის აკადემიურ ხარისხს ანიჭებს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო შესაბამისი დებულების მოთხოვნათა დაცვით.
3. დიპლომს ხელს აწერენ უნივერსიტეტის რექტორი, საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე და ფაკულტეტის დეკანი.
4. ფაკულტეტი ვალდებულია, დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების შემდეგ ერთი თვის ვადაში გადასცეს დისერტაცია ელექტრონული ფორმით უნივერსიტეტის გამომცემლობას, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას. ამავე ვადაში დისერტაციის თითო ბეჭდური და ელექტრონული ეგზემპლარი უნდა გადაეცეს საუნივერსიტეტო და ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკებს.
მუხლი 23. გარდამავალი დებულებები
1. 2018-2019 სასწავლო წლამდე ჩარიცხული დოქტორანტებისთვის დისერტაციის დაცვის აუცილებელი წინაპირობაა სადისერტაციო ნაშრომის შეფასების პროცესის ინტერნაციონალიზაცია, რაც განხორციელდება უნივერსიტეტის დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტისა და ფაკულტეტების შესაბამისი დებულებებით, რომლებიც მოქმედებდა დოქტორანტების ჩარიცხვის მომენტისთვის.
2. ამ დებულების მე-13 მუხლით (სადისერტაციო ნაშრომის რეცენზენტები) დადგენილი მოთხოვნები ვრცლდება 2024 წლის 30 აგვისტოდან ჩარიცხულ დოქტორანტებზე.
3. 2024 წლის 30 აგვისტომდე ჩარიცხული დოქტორნატებისთვის:
ა) ფაკულტეტის საბჭო სადისერტაციო ნაშრომის რეცენზირების მიზნით გამოყოფს არანაკლებ ორ რეცენზენტს, რომელთაც შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის წარდგინების საფუძველზე ამტკიცებს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო. ერთ-ერთი რეცენზენტის მიერ უარყოფითი დასკვნის წარდგენის შემთხვევაში ინიშნება ახალი რეცენზენტი;
ბ) რეცენზენტს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი, დოქტორანტის სადისერტაციო თემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო დარგში/სპეციალობაში/მიმართლებაში კვლევის გამოციდლება და შესაბამისი პუბლიკაციები;
გ) რეცენზენტი ვალდებულია, შესაბამისი ფაკულტეტის მიერ დისერტაციის გადაცემიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის ვადაში გაეცნოს სადისერტაციო ნაშრომს და წარუდგინოს რეცენზია ფაკულტეტს;
დ) რეცენზენტი დასკვნას (რეცენზიას) წარადგენს დადგენილი რეცენზიის ფორმის შესაბამისად;
ე) ორი რეცენზენტის მიერ სადისერტაციო ნაშრომის უარყოფითად შეფასების შემთხვევაში, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით დოქტორანტი არ დაიშვება დაცვაზე და მას მიეცემა სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობის უფლება ერთი სასწავლო წლის განმავლობაში.
4. სამეცნიერო ხელმძღვანელს უფლება აქვს უხელმძღვანელოს დოქტორანტს ამ დებულების მე-7 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი ზღვრული რაოდენობის გადაჭარბებით, იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტისთვის სამეცნიერო ხელმძღვანელის შეცვლა სავალდებულო გახდა აღნიშნული დებულებით განსაზღვრული მოთხოვნების საფუძველზე“.
[1] ანონიმურობა გულისხმობს, რეცენზიის გაცნობამდე დოქტორანტისთვის ან/და მისი ხელმძღვანელისთვის/თანახელმძღვანელისთვის რეცენზენტის ვინაობის კონფიდენციალურობას.